ქემფერი - სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცოცხნარის თემში.[1] მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ხაშურიდან დაშორებულია 11,5 კილომეტრით, სურამიდან — 6,5 კმ-ით. სოფელში არის საჯარო სკოლა.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 470 ადამიანი[. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება სოფელში ცხოვრობს 350 კაცი საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.
სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობდა 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე.[2]
სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. XVIII საუკუნის ბოლოსათვის სოფელი უკვე ნასოფლარადაა ქცეული ლეკიანობის გამო. Template:ციტატა XIX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სოფლის აქტიური დასახლება იმერული წარმოშობის მოსახლეობის მიერ (კერძოდ: ლაბაძეები ჩამოასახლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან, ლომიძეები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან ). 1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293 ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია:ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე.
ღირსშესანიშნაობები
editსოფელის განაპირას, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე დგას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი,რომელიც აშენებულია 1880 წელს. ეკლესია დარბაზულია (7,7x5,2 მ). ნაგებია ქვიშა-ქვის კვადრატული ზომის ქვებით. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობა დასრულებულია ქვიშა-ქვის ლავგარდნით. შენობას კრამიტის სახურავი აქვს. ეკლესიისადმი შეწირულ ზარს ზედ წარწერა აქვს: "ქ. ზარი ესე შეწირულ არს სოფელს ქემფერში წმინდას გიორგის ეკლესიისდამ მუნ მცხოვრებლთა აზნაურთა და გლეხთაგან და თავადის დავით ვეზიროვის მიერ ჩყდმ (1844 წელი) წელსა, იანვრისა ლა (31)", როგორც ამ წარწერიდან ირკვევა ამ ტაძრის აგებამდეც არსებულა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც , სავარაუდოა, უფრო მცირე ზომისა უნდა ყოფილიყო.[3]
ქემფრის სამების ეკლესია არქიტექტურული ძეგლია, დგას სოფლის ერთ-ერთი უბნის, ნარვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 400 მეტრზე, მუხნარში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი (2,5X3 მ სიმაღლეზე). დარბაზული ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვიშაქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითი სწორკუთხა ნიშია.[3]
მოსახლე გვარები
editსოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ლაბაძეები, ლომიძეები, ლომსაძეები, ქურდაძეები, ღონღაძეები, გელაშვილები, თათარაშვილები და სხვ.[4]
სქოლიო
edit- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ ე. თაყაიშვილი, მასალანი სტატისტიკურის აღწერილობისა XVIII ს-ში, გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, თბ., 1907
- ↑ 3.0 3.1 დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 450, თბ., 1990 წელი.
- ↑ თ. ლაცაბიძე, მასალები ხაშურის რაიონის ისტორიისათვის, ხაშურის რაიონში გავრცელებული გვარ-სახელები, ხაშური, 1991 წ.