21 მაისი, 2019
აფხაზეთის ე.წ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ, ვითარება იმდენად დაძაბა, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ბჟანიას მომხრეების თქმით, ის მოწამლეს, რასაც ე.წ. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.
ერთი სიტყვით, ბოლო 25 წელში პირველად, აფხაზეთში ე.წ. მთავრობის დასაცავად, სპეცრაზმი გამოჩნდა. ვითარება 20 მაისიდან დაიძაბა, მას შემდეგ რაც, აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები დაიწყო „პარლამენტის“ შენობასთან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მათ მოთხოვნას, „საპრეზიდენტო“ არჩევნების შემოდგომაზე გამართვის შესახებ. აქციის გამო სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შესასვლელთან „სპეცრაზმი“ იყო მობილიზებული, თუმცა, რამდენიმე დაპირისპირება მაინც მოხდა.
პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერის სერგეი შამბას განცხადებით, ჰაჯიმბას მთავრობის ტყუილი ბჟანიას ვირუსული პნევმონიის შესახებ, მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ გათვალა. სინამდვილეში, ოპოზიციის ლიდერს სისხლში მძიმე მეტალები აღმოუჩინეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა, აფხაზურ პოლიტიკაზე კი სარკისებური ასახვა ჰპოვა.