Wn/ka/იერუსალიმში ალ-აკსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას 305 პალესტინელი დაშავდა

< Wn | ka
Wn > ka > იერუსალიმში ალ-აკსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას 305 პალესტინელი დაშავდა

10 მაისი, 2021

დაპირისპირება პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის გრძელდება.

ისრაელი აღნიშნავს1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ იერუსალიმის ნაწილის კონტროლის მოპოვების წლისთავს, რასაც პალესტინელთა პროტესტი უკვე მოჰყვა. შეტაკებები უკვე რამდენიმე დღეა რაც გრძელდება.

პალესტინელმა დემონსტრანტებმა ისრაელის პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი ისროლეს ბგერითი ყუმბარები და რეზინის ტყვიები, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თქმით, დაშავებულია მინიმუმ 305 ადამიანი და 228 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულია 21 პოლიციელი.

ალ-აკსას მეჩეთი, რომელიც ისლამის მიმდევრებისთვის რიგით მესამე უწმინდესი ტაძარია, რამადანის თვის ბოლოს პალესტინელთა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირების ადგილად იქცა. შეტაკებებმა საერთაშორისო საზოგადოებაში გააჩინა კონფლიქტის გაფართოების შიშები.

აშშ-მ ისრაელს მოუწოდა, რომ ეზრუნათ იერუსალიმის დღეების, როგორც ქალაქის ნაწილზე კონტროლის მოპოვების დღესასწაულს ეძახიან, მშვიდობიანად ჩატარებაზე.

კონფლიქტის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ისრაელის პოლიციამ ებრაელთა გარკვეულ ჯგუფებს იერუსალიმის დღეების ფარგლებში ალ-აკსას ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამ მეჩეთის ტერიტორიაზე წარსულში ებრაელთა წმინდა ტაძრები იდგა და იუდეველი მომლოცველები ხშირად იკრიბებიან ამ ადგილზე.

წინა დღეებში მხარეებს შორის დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია აღმოსავლეთ იერუსალიმში, შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლებამ.

8 მაისის შეტაკების შემდეგ, გაერომ ისრაელს მოუწოდა, მოსახლეობის გასახლებისგან თავი შეეკავებინა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მაქსიმალური თავშეკავება გამოეჩინა. არაბული ქვეყნების ლიგამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჩარეულიყო მიმდინარე მოვლენებში და შეეჩერებინა მოსახლეობის გასახლება. ისრაელის უზენაეს სასამართლოში საკითხთან დაკავშირებით მოსმენა დღეს იმართება.